ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ყოდსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
რამაზანის კურთხეული თვის ბოლო პარასკევს, ირანის ისლამური რესპუბლიკის ფუძემდებლის, იმამ ხომეინის ინიციატივით, „ყოდსის საერთაშორისო დღე“ ეწოდა. ეს დღე სიმბოლურად გამოხატავს ისლამური სამყაროსა და მთელი მსოფლიოს თავისუფლებისთვის მებრძოლთა ერთიან პროტესტს პალესტინის ისტორიული მიწა-წყლის ოკუპაციისა და ისლამური სამყაროსა და დასავლეთ აზიის რეგიონში ოკუპანტი, ტერორისტული და რასისტული ერთეულის შექმნის წინააღმდეგ.
ყოდსის დღე ერის თვითგამორკვევის უფლების ხელყოფისადმი მსოფლიოს თანდაყოლილი და მორალური წინააღმდეგობის სიმბოლოა და წარმოადგენს კაცობრიობის სინდისის გამოღვიძების ნიშანს ორგანიზებული ჩაგვრისა და თანამოძმეების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
სიონისტურმა რეჟიმმა, სარგებლობდა რა ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის სრული მხარდაჭერით, ხოლო გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ რეჟიმის მმართველი ბანდის პასუხისგებაში მისაცემად არ გადადგმულა პრაქტიკული ნაბიჯები, პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა. ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ღაზაში მოწყობილი საშინელი გენოციდი, დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების მკვლელობასა და წამებასთან ერთად, პალესტინის განადგურებისკენ მიმართული კოლონიური პოლიტიკის უახლეს ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც ამ რეჟიმის დამყარების შემდეგ, 1948 წლიდან, ხორციელდება.
პალესტინელების სისტემატურად ხოცვისა და სამშობლოდან მათი იძულებით გადასახლების პარალელურად, სიონისტურმა რეჟიმმა წამოიწყო ბოროტებით გაჟღენთილი მედიაკამპანია, რომელიც იყენებს თავისთან დაკავშირებულ მედია ქსელს დეზინფორმაციის გასავრცელებლად და რეალობის დამახინჯებისთვის, რათა შეცვალოს ჯალათისა და მსხვერპლის როლები და გაამართლოს საკუთარი და მისი მხარდამჭერების დანაშაულები.
წელს ყოდსის საერთაშორისო დღეს ისეთ პირობებში აღვნიშნავთ, როცა ირანელი ხალხი სიონისტური რეჟიმისა და ამერიკის სასტიკი სამხედრო აგრესიის წინაშე იცავს ირანის სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირსებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის სამხედრო აგრესია ირანის წინააღმდეგ აშკარა ნიშანია იმ რეჟიმის ბარბაროსული, არაადამიანური და ჰეგემონიური ბუნებისა, რომელმაც მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში ოკუპირებულ პალესტინაში დაახლოებით 75 000 უდანაშაულო ადამიანი მოკლა, შვიდ ისლამურ სახელმწიფოს დაესხა თავს და სხვადასხვა ქვეყანაში ათასობით ტერორისტული აქტი ჩაიდინა. სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ აგრესიული თავდასხმა მთელი რეგიონისა და ისლამური სამყაროს წინააღმდეგ თავდასხმას ნიშნავს და გამოხატავს „დიდი ისრაელის“ ბოროტ ილუზიას. უეჭველია, ეს ოცნება, ირანელი ხალხის გმირული თავდაცვის, წინააღმდეგობისა და შეუპოვრობის წყალობით რეალობად ვერასდროს იქცევა. მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ყველა მუსლიმსა და მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ისტორიული პასუხისმგებლობისგან, წინ აღუდგნენ სიონისტური რეჟიმის სახიფათო და ბოროტ ინტრიგებს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ გააგრძელებს ირანის პრინციპულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური ბრძოლის მხარდასაჭერად, რათა მათ მოიპოვონ თვითგამორკვევის უფლება და გადაიგდონ ოკუპანტი, აპართეიდული და კოლონიალური სიონისტური რეჟიმის უღელი. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებითა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით განსაზღვრულ ყველა სახელმწიფოს ზნეობრივსა და კანონიერ მოვალეობას, მხარი დაუჭირონ პალესტინელ ხალხს ამ ფუნდამენტური უფლების რეალიზებისა და პალესტინის მთელ ისტორიულ მიწაზე პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში, რომლის დედაქალაქიც იერუსალიმი იქნება.
ყოდსის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე, პატივს მივაგებთ წინააღმდეგობის მოძრაობის მოწამეობრივად დაღუპულ ყველა იმ გმირს, რომელიც სხვადასხვა ფრონტზე, იქნება ეს პალესტინა, ლიბანი, იემენი, ერაყი თუ ირანი, ან მსოფლიოს სხვა ნაწილებში, სიონისტური რეჟიმის ოკუპაციის, ჩაგვრის, ბოროტებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო პატივს მიაგებს მოწამეობრივად აღსრულებულ უზენაეს სულიერ ლიდერს, წინააღმდეგობის გზის მოწამეთა წინამძღოლს, აიათოლა სეიედ ალი ჰოსეინი ხამენეისა და მის ერთგულ თანამებრძოლებს, რომლებიც ამერიკელთა და სიონისტთა დამსჯელი ძალების თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს თავის მტკიცე ერთგულებას იმ აღთქმისა და ვალდებულებისადმი, რომელიც უკავშირდება მისი დიდებული მემკვიდრეობის დაცვას — ჭეშმარიტების, სამართლიანობისა და თავისუფლების მოფრთხილებას.
წელს ირანელი ხალხი ფართოდ აღნიშნავს ყოდსის საერთაშორისო დღეს. ეჭვგარეშეა, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს არა მხოლოდ ერთგულების კიდევ ერთხელ დადასტურებას მოწამეობრივად აღსრულებული უზენაესი სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის იდეალებისადმი, არამედ ეს გახლავთ ირანელი ხალხის ხმამაღალი შეძახილი, რომელთაც გამოხატეს სიძულვილი სიონისტური რეჟიმისა და ამერიკის მიერ ჩვენი საყვარელი სამშობლოს წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი აგრესიისა და ბარბაროსული დანაშაულების მიმართ.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო
2026 წლის 12 მარტი