News Agency:განცხადებები
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მილოცვა მზის კალენდრით 1405 წლის დადგომასთან დაკავშირებით
.
  საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მილოცვა მზის კალენდრით 1405 წლის დადგომასთან დაკავშირებით   პატივცემულო თანამემამულენო და საქართველოში მცხოვრებო ძვირფასო ირანელებო, მსურს, 1405 წლის ზღურბლზე, როგორც თქვენმა მსახურმა და ამ ქვეყანაში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, გესაუბროთ იმაზე, თუ რა პირობებში იწყება ეს წელი.   ჩვენ ვასრულებთ 1404 წელს იმ პირობებში, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა, ზოგიერთ მოკავშირესთან ერთად, ორგზის უგულვებელყვეს კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის პრინციპი და განახორციელეს თავდასხმა ჩვენი წინაპრების მიწა-წყალზე — ირანზე. ეს ქმედება ეწინააღმდეგება  გაეროს ქარტიის ფუნდამენტური პრინციპებს, განსაკუთრებით ძალის გამოყენების აკრძალვის პრინციპს, გარდა ლეგიტიმური თავდაცვის შემთხვევებისა.   ეს მაშინ, როცა თავად ამერიკელი ოფიციალური პირების, მათ შორის აშშ-ის ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბატონ ჯო კენტის განცხადებითაც კი, ირანი არ წარმოადგენდა საფრთხეს ამერიკისთვის.   ამ თავდასხმებისას ვიხილეთ არაერთი დანაშაულებრივი ქმედება, მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე შეტევა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების აშკარა დარღვევა. ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გახლდათ ომის დაწყების პირველ საათებში მინაბში გოგონათა სკოლა „შაჯარე თაიებეს“ დაბომბვა, რამაც შეძრა მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი.   ამასთანავე, ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის მხრიდან, რომლებმაც დროებით თავიანთი საზღვაო აკვატორია, ტერიტორია, საჰაერო სივრცე და სანაპიროები აგრესორ ძალებს დაუთმეს, ჩვენ წინააღმდეგ ბრალდებები ისმის, მაშინ როცა ეს ქვეყნები არ არიან მზად, გაეროს უშიშროების საბჭოს ოფიციალური დოკუმენტით დაადასტურონ, რომ მათ არ დაურთავთ აგრესორებისთვის თავიანთი ტერიტორიების, საჰაერო სივრცისა და სანაპიროების გამოყენების უფლება.   ისინი ასევე არ განმარტავენ, თუ როგორ გახდა მათ ტერიტორიაზე მყოფი ამერიკელი სამხედროები ირანის ისლამური რესპუბლიკის სამიზნე საპასუხო ქმედებების ფარგლებში. ეს მდგომარეობა მიუთითებს განცხადებებსა და რეალობას შორის არსებულ სხვაობაზე და გამჭვირვალობის ნაკლებობაზე.   ირანი 1405 წელს ხვდება შემართებითა და სიმტკიცით, თუმცა 1404 წლის ზაფხულსა და ზამთარში ჩვენი ღირსეული თანამოქალაქეების დაკარგვის სიმწარე კვლავ ცოცხალია. გვახსოვს თუ როგორ იქცნენ ტერორისტული აქტების სამიზნედ უმწეო და უდანაშაულო ადამიანები, სამოქალაქო და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები, ასევე უმაღლესი დონის სამხედრო, უსაფრთხოების და პოლიტიკური პირები.   ირანის ისტორიაშიც არსებობს მსგავსი მაგალითები. ჩვენი ერი, ჯერ კიდევ უძველეს დროში, მრავალწლიანი მძიმე ომების გადატანას სიმტკიცითა და მოთმინებით ახერხებდა.   ირანელები სიძნელეების დაძლევას ჟამთა სვლასთან ერთად, ახალი წლის დაწყებით და ეროვნული თუ რელიგიური ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და რიტუალების შესრულებით, ყოველთვის ახერხებდნენ.   ახლა მსურს ხაზი გავუსვა, რომ ირანელი ხალხი შემართებითა და ირანულ ღირებულებებზე დაყრდნობით აგრძელებს საკუთარ გზას და მტკიცედ დგას იმ გამოწვევებისა და დაპირისპირებების წინაშე, რომლებიც წარმოიშობა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობისა და ეროვნული ფასეულობების არასრულყოფილი ცოდნისგან.   ეს შეფასება კეთდება იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყანა აგრესორების მხრიდან მძიმე თავდასხმებს განიცდის. სამწუხაროდ, საქმეში ჩაუხედავი ზოგიერთი პირი, რომელიც ამ საფრთხეების რეალურ არსს ვერ აცნობიერებს, უცოდინრობისგან გამოწვეული სიხარულით ეგებება ამ თავდასხმებს და საკუთარი წინაპრების მიწაზე აგრესორის დროშას აფრიალებს.   ჩემი შეფასებით, 1405 წელი ირანში მნიშვნელოვანი გარდაქმნების წელი, ასევე ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების რეგიონული როლისა და გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსის ცვლილების პერიოდი იქნება. ეს გარდაქმნა შეიძლება აღვიქვათ, როგორც ირანის კეთილი არსის დაპირისპირება ბოროტ ძალებთან.   დღეს ირანი, ღვთის წყალობითა და ჩვენი წინაპრების ღვთიურ შარავანდედქვეშ მტკიცედ და ღირსეულად დგას, რათა დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, საზღვაო აკვატორია და საჰაერო სივრცე.   ეჭვგარეშეა, რომ ეს ბრძოლა ძვირი დაჯდება, ხოლო მისი შედეგები მსოფლიო საზოგადოებას დაანახვებს ირანისა და ირანელების მკაფიოს სურათს — სურათს იმისა, თუ ვინ ემსახურა საკუთარ მიწასა და ქვეყანას და ვინ აირჩია ღალატი.   აგრესორი ქვეყნების წინაშე დამამცირებელი მუხლმოდრეკა ახალი არ არის. ამ აგრესორი ქვეყნების საზოგადოება დღეს აკრიტიკებს საკუთარი ლიდერების — ტრამპისა და ნეთანიაჰუს — გადაწყვეტილებებს ირანზე თავდასხმის შესახებ, ირანის ისტორიაში ყოველთვის იყვნენ ისეთები, რომლებმაც საკუთარი ინტერესებისთვის უღალატეს სპარსულ სისხლსა და ირანულ ღირსებას, პირადი სარგებლისთვის უგულებელყვეს ირანის ინტერესები და მისი მიწა-წყალი. ასეთი ადამიანები ირანის ისტორიაში სამუდამოდ სირცხვილად დარჩებიან.   ჩვენი ისტორიის ნამდვილი გმირები არიან ისინი, ვინც, სიაუშის მსგავსად, ცეცხლში გაიარა და წარმატებით დაძლია არაერთი კრიზისი, არ შეუშინდა მუქარასა და ცილისწამებას. საქართველოსში მცხოვრებო თანამემამულენო, ძვირფასო ირანელებო,   ყველა სირთულისა და პრობლემის მიუხედავად, არათანაბარი ომის მძიმე პირობებში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო მთელი ამ დროის მანძილზე ცდილობდა, არ დაეზოგა ძალისხმევა თითოეული მოქალაქისთვის საკონსულო მომსახურებისა და საჭირო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და საქართველოს შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობით, ასევე ორ ხალხს შორის თითქმის სამიათასწლიანი მდგრადი ურთიერთობების საფუძველზე, შეენარჩუნებინა ირანისა და ირანელთა ეროვნული ინტერესები.   ჩვენ 1405 წელს დავძლევთ ამ ომს, განვაგრძობთ ღირსეულ და მორალურ ბაზისზე დაფუძნებულ თავდაცვას. უეჭველია, ახალი გაზაფხულის დადგომასთან ერთად, გაჩნდება შესაძლებლობები, ომით დაზარალებულთა და ომში მოწამეობრივად დაღუპულთა ოჯახის წევრებს შევუმსუბუქოთ მძიმე ჭრილობები. არ უნდა დაგვავიწყდეს — ეს ნუგეში მხოლოდ ერთიანობის, თანადგომისა და საერთო ბედის გაზიარების პირობებში იძენს მნიშვნელობას. ამ თვალსაზრისით მსურს აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოში მცხოვრებ ირანელებს სჭირდებათ საზოგადოების შექმნა, რომელიც შეძლებს მათ შორის ერთიანობისა და თანხმობის აღდგენას. პოლიტიკურ ინსტიტუტებთან ერთად, ეს ერთიანობა და თანადგომა შეიძლება იქცეს იმ დიდ და მნიშვნელოვანი ცვლილებების საფუძვლად, რომლის სოციალური, ადმინისტრაციული და პოლიტიკური გავლენა უდავოდ შეიგრძნობა როგორც ირანში, ისე სამეზობლოშიც. ზამთრის მძიმე დღეები დასრულდა და გაზაფხული, მიუხედავად იმისა, რომ ღირსეული თავდაცვით დაიწყო, გვპირდება ბუნების აყვავებასა და სიცოცხლის განახლებას. გაზაფხული გვაძლევს იმედს, რომ შევძლებთ ირანის ხელახლა აშენებას. ირანი ირანელების მეშვეობით შენდება, ხოლო ირანელები ერთიანობითა და თანადგომით შეძლებენ საკუთარი ბედის განსაზღვრას, ავისმზრახველ ძალებზე და მოღალატეებზე გამარჯვებასა და მტრის სინანულში ჩაგდებას საკუთარი ქმედებების გამო.   ჩვენი ღირსება ნათელ მომავალსა და ერთმანეთთან სოლიდარობაზე იქნება დამოკიდებული.   ძვირფასო თანამემამულენო, ჩვენთვის საამაყოა, რომ 1405 წლის ნოურუზს — დღესასწაულს, რომელიც პირველად ჩვენი მითოლოგიური მეფის, ჯემშიდის მიერ დაწესდა — ვხვდებით საქართველოს მიწაზე, სადაც „ჯემშიდი“ და „ზურაბი“ გავრცელებული სახელებია და ჩვენს შორის სოციალური კავშირის ხიდს წარმოადგენს.   ამ დღეს საქართველოც ჩვენსავით გლოვობს დიდი სულიერი ლიდერის დაკარგვას. ვსარგებლობთ შესაძლებლობით და ღირსეულ ქართველ ხალხს თანაგრძნობას ვუცხადებთ.   ყველა ამ პრობლემის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სამაგალითო ურთიერთობები ჩვენს კარგ მეზობლებთან ერთად. გილოცავთ ნოურუზს!   სეიედ ალი მოჯანი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
© 2019 - economy@mfa.ir