8 October 2024
2024/02/12 - 16:55 View: 3280

რევოლუციის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქართველი ოფიციალური პირების და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პირთა თანდასწრებით

გაიმართა ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ოფიციალურმა პირებმა თბილისში აკრედიტებულმა ელჩებმა პოლიტიკოსებმა საქართველოს კულტურისა და რელიგიის სფეროს მოღვაწეებმა ასევე საქართველოში მცხოვრებ ირანელთა ნაწილმა.

ამის პარალელურად, რევოლუციის გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ინიციატივით, ქალაქის სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებით განათდა.

თქვენო აღმატებულებავ ბატონო ალექსანდრე

თქვენო აღმატებულებანო, პატივცემულო სტუმრებო,

ძვირფასო თანამემამულენო

 

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, ირანის ისლამური რევოლუციის 45-ე წლისთავის აღსანიშნავად და ირანელი ერის მდიდარი კულტურის, სტაბილურობისა და პროგრესის პატივსაცემად.

ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანის საგარეო პოლიტიკა გახდა დამოუკიდებელი, რომელიც არ ექვემდებარება მსოფლიოს სხვადასხვა ბლოკებს.

ირანის პრეზიდენტის ბატონი იბრაჰიმ რაისის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ვექტორი აზიაზეა ორიენტირებული, სადაც პრიორიტეტს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა წარმოადგენს. ბუნებრივია, პროაღმოსავლური ორიენტაცია არ ნიშნავს მსოფლიოს სხვა რეგიონებთან კავშირებზე უარის თქმას.

ირანის მიზანია, დაამყაროს დაბალანსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ყველა ერთან, განსაკუთრებით კი მეზობლებთან. ირანი მხარს უჭერს დეესკალაციას და კოლექტიურ უსაფრთხოებას რეგიონში და ესწრაფვის რეგიონული კრიზისების მოგვარებას და ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლას.

ირანი ზრუნავს რეგიონული ინტერესების მქონე ყველა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებიც სარგებლობენ სპარსეთის ყურის არხით. ამიტომ, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ისეთ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რეგიონის მილიტარიზაციისკენ.

გასული 45 წლის განმავლობაში ირანელი ხალხი სხვადასხვა გამოწვევის, მათ შორის ყოვლად უსამართლო და ე.წ. დამანგრეველი ეკონომიკური სანქციების წინაშე აღმოჩნდა, რომლის მიზანია ირანის წინსვლის პროცესის შესუსტება და შეჩერება. მიუხედავად ამისა, ჩვენ არა მარტო წინააღმდეგობა გავუწიეთ ამგვარ თავდასხმებს, არამედ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს. პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 4,1 პროცენტიანი ზრდა 2023 წლისთვის, რაც ორჯერ აღემატება დასავლეთ აზიის რეგიონის ზრდის პროგნოზს, მეტყველებს რთულ პირობებში ირანის ეკონომიკის მდგრადობასა და სიძლიერეზე.  

ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკის დივერსიფიკაციის მცდელობები. 2022 წელს არასანავთობო სექტორის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 57,2 პროცენტს მიაღწია, რაც ნავთობზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირების კუთხით, საუკეთესო მიღწევას წარმოადგენს.

ტექნოლოგიური სექტორის გამოკვეთილი წარმატებები, 2022 წელს 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვის გზით, ინოვაციებისა და პროგრესისადმი ჩვენი ქვეყნის ერთგულების დადასტურებაა.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ირანი 2025 წლისთვის დასახული განახლებადი ენერგეტიკის სიმძლავრის 2,5 გიგავატიდან 10 გიგავატამდე ზრდის გეგმით, მტკიცედ აგრძელებს გზას მდგრადი ენერგეტიკისაკენ.

2023 წლის თებერვალში სამი თანამგზავრის წარმატებული გაშვებით, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო ირანის კოსმოსურ პროგრამებში.

ირანის მიღწევები ღეროვანი უჯრედების და ნანოტექნოლოგიის სფეროში, მსოფლიო მედიცინაში ახალი ცვლილებების მომასწავებელია.  ჩვენთვის საამაყოა, რომ ღეროვანი უჯრედების კვლევის მხრივ ირანი მსოფლიო ხუთეულში იკავებს ადგილს და აქვს საიმედო მიღწევები სასიცოცხლო ორგანოებისა და სისხლის დაავადებების სამკურნალოდ.

ქვეყნის განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ირანელი ქალები. მათ საკვანძო პოზიციები უკავიათ მთავრობაში და გავლენას ახდენენ ქვეყნის პოლიტიკასა და ეროვნულ ინტერესებზე. აღმასრულებელი თანამდებობების 30%-ის დაკავებით, ირანელი ქალები სერიოზულ როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში. ამასთან,  სპეციალისტი ექიმების 40% და სამედიცინო კადრების ხელმძღვანელების ნახევარი, ქალებისაგან შედგება   და აქტიურად არიან წარმოდგენილნი სხვადასხვა განყოფილებებში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა მეზობელ და საქართველოს მსგავს მეგობარ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას და განვაცხადო, რომ მზად ვართ მეგობრებს გავუზიაროთ ჩვენი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში.   

ჩვენს სამეცნიერო მიღწევებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მეზობელ და საქართველოს მსგავს მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობაში.

საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სათავეს იღებს მრავალსაუკუნოვანი კულტურული, ლიტერატურული და სამეცნიერო კავშირებიდან. დროთა განმავლობაში ეს კავშირები უფრო გამტკიცდა და მათი წყალობით შეიქმნა  ურთიერთგაგებისა და მეგობრობის უნიკალური ხიდი ორ ერს შორის.

დღეისათვის ირანსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. საელჩოს მხარდაჭერით 2023 წელს სამი მნიშვნელოვანი ირანული ლიტერატურული ნაწარმოების თარგმნა, ცნობილი ქართველი ირანისტების მიერ, ამ პროცესის ამსახველია. ასეთი თანამშრომლობა აძლიერებს კულტურულ კავშირებსა და ურთიერთგაგებას ჩვენს ქვეყნებს შორის. ამ კავშირებმა საფუძველი ჩაუყარა ჩვენს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კულტურულ და ეკონომიკურ სფეროში.

ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, არაკეთილმოსურნეების მიერ თავსმოხვეული გამოწვევების მიუხედავად, კერძო სექტორის აქტიური მუშაობის წყალობით დინამიურად ვითარდება.

ხალხთა შორის ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის მთავრობების ხელმძღვანელთა პოზიტიურ მიდგომებს, ყოველთვის მზარდია. 2023 წელს ირანის ასი ათასზე მეტმა მოქალაქემ ტურისტული მოგზაურობის მიზნით, არჩევანი  საქართველოზე  გააკეთა.

იმედია, ჩვენი მეგობრობა იქნება ჩირაღდანი, რომელიც გაანათებს გამოწვევების დაძლევისა და წინსვლის გზას. ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევქმნათ ისეთი მომავალი, სადაც გაგრძელდება ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების პროცესი  და კიდევ უფრო გაძლიერდება ურთიერთგაგება, საერთო კეთილდღეობა და ერებს შორის მეგობრობა.

გმადლობთ, რომ ჩვენთან ერთად მონაწილეობთ ირანის ეროვნული დღის აღსანიშნავ ზეიმში.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ისლამური რევოლუციის 45-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის მოადგილემ ირანელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მადლობა გადაუხადა ირანის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ტურიზმისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით.

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است